BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> დონ კიხოტი, თავი XLI, მიგელ დე სერვანტეს საავედრა|თარგმ.ესპ.ნიკო ავალიშვ

| |
Kapo
post Nov 29 2009, 22:47
#1 

Amateur Amateur
1,281


თავი XLI

კლავილენიოს მოვლინება და ამ გაჭიანურებული ფათერაკის
დასასრული

ამასობაში დედამიწას ღამის სიბნელე ჩამოაწვა და ის ჟამი დადგა, როდესაც შესანიშნავი ცხენი კლავილენიო უნდა მოვლენილიყო. რაკი იგვიანებდა, დონკიხოტი მოუსვენრობდა, რადგან საგონებელში ჩავარდა, ალბათ, მალამბრუნო იმიტომ არა გზავნიდა ცხენს, რომ ეს ღვაწლი სხვა რაინდისათვის იყო დანიშნული, ანუ იქნებ მასთან შებრძოლებას ვერ ბედავდა. მაგრამ უცებ ბაღში ფათალოთი შემოსილი ოთხი ველური კაცი შემოვიდა და მხრებით დიდი ხის ცხენი მოჰქონდათ. ეს ცხენი დონ კიხოტს გვერდზე დაუდგეს და ერთმა იმ ველურთაგანმა თქვა:
_ ამ მანქანაზე ის რაინდი შეჯდეს, ვისაც მამაცობა შესწევს.
_ მაშ მაგაზე შემჯდომი მე არა ვყოფილვარ: _ თქვა სანჩომ, _ რადგან რაინდი არა ვარ და მამაცობაც სულ არ შემწევს.
მაგრამ ველურმა განაგრძო:
_ და თუ მას საჭურველმტვირთველი ჰყავს, ამ ცხენზე რაინდს უკან შემოუჯდეს. რაინდს შეუძლია სრულებით დაენდოს მამაც მალამბრუნოს და მისი ხმლის გარდა სხვა არავითარი ვერაგობისა არ ეშინოდეს. მხოლოდ ხელი შეახოს კლავილენიოს კისერზე ჩასმულ კრკალს და ცხენიც თავის მხედარს იქით გააქანებს, სადაც მას მალამბრუნო მიელის. და, რომ სიმაღლემ და გზის სიმშვენიერემ თავბრუ არ დაახვიოს, თვალებახვეულნი უნდა ისხდნენ, ვიდრე ცხენი არ დაიჭიხვინებს. ეს ნიშანი იქნება, რომ სიარულს მორჩნენ და დანიშნულ ალაგს მივიდნენ.
ესა თქვა, ცხენი დატოვეს და ოთხნივ, საიდანაც მოვიდნენ, მწყობრი ნაბიჯით იქითვე წავიდნენ. დოლორიდამ თვალცრემლიანმა უთხრა დონ კიხოტს.
_ ღვაწლმოსილო რაინდო! მალამბრუნომ აღთქმა შეასრულა, ცხენი მოვიდა, ჩვენი წვერები იზრდება და თითოეული მათი თმა გემუდარება მათ მოსპობას და მოკრეჭას, რადგან ისღა არის საჭირო, ამ ცხენზე შეჯდე შენი საჭურველმტვირთველითურთ და ბედნიერი დასასრული დაუდო ამ შენს უმაგალითო მგზავრობას.
_ სენიორა გრაფის მეუღლე ტრიფალდი, _ უთხრა დონ კიხოტმა, _ ისე ძალიან მსურს თქვენი და ყველა ამ მანდილოსნის სუფთა სახით ნახვა და ისე მეშურება ეს, რომ უნაგირის ბალიშსა და დეზების გაკეთებაზე აღარა ვზრუნავ, თქვენი შველა ისე ძლიერ მეჩქარება.
_ მე კი არც მეჩქარება და არც რაიმე ხალისით ვიზამ მაგას, _ განაცხადა სანჩომ. _ და თუ ამათი გაპარსვა ამ რაღაც ხის ცხენზე შეუჯდომლად არ შეიძლება, ჩემს ბატონს ნება აქვს სხვა საჭურველმტვირთველი მოძებნოს და ამ ცხენის გავაზე ის შესვას, ანუ ამ მანდილოსნებმა თავიანთ გასაპარსად სხვა საშუალება მონახონ, რადგან ჯადოქარი ხომ არა ვარ, ჰაერში მოგზაურობაში რამე სიამოვნებას ვხედავდე. ან კი რას იტყვიან ჩემი კუნძულის მცხოვრებნი, როცა გაიგებენ, მათი გუბერნატორი ჰაერში დაფრიალებდაო, ამას გარდა კანდაიმდე სამი ათასი და რამდენიღაც მილია; ჩვენი ცხენი რომ დაიღალოს, ანუ ის გოლიათი გაწყრეს დაბრუნებაზე, _ ექვსი წელიწადი ფეხით სიარული მოგვიხდება და აღარც კუნძული იქნება მაშინ ქვეყანაზე და აღარც კუნძულის მცხოვრებნი, რომ მიცნონ. `შიში _ დაგვიანებაშიაო~, ამბობენ და `როდესაც დეკეულს გაძლევენ, თოკით გაიქეციო~. ამიტომ ამ მანდილოსნის წვერებმა მომიტევონ. `წმიდა პეტრე რომშიაც კარგად არის~. ამით იმას ვამბობ, რომ მე აქაც კარგადა ვარ, ამ სახლში, სადაც ასე კარგად მეალერსებიან და მისი პატრონისგანაც ისეთ დიდ წყალობას მოველოდები, როგორიც გუბერნატორობაა.
_ ჩემო მეგობარო, სანჩო _ უთხრა ჰერცოგმა, _ ჩემი დაპირებული კუნძული არსად წაგივა და არც სადმე გაიქცევა. ისეთი ღრმა ფესვები აქვს და ისე გამაგრებული აქვს მიწაში, რომ ვერაფერი ძალა ვერ მოგლეჯს და ვერც ადგილიდან დასძრავს. ამასთანაც თქვენც კარგად იცით და მეც, რომ ისეთი დიდი თანამდებობა არ არსებობს, რომ მის მისაღებად რაიმე ქრთამი არ გაიღოს მსურველმა და მეც _ იმ გუბერნატორობაში რისაც მიღება მინდა _ ის არის, რომ _ თქვენს ბატონს, დონ კიხოტს გაჰყვეთ ამ შესანიშნავი ფათერაკის კეთილად დასაბოლოვებლად. კლავილენიოთი სწრაფად დაბრუნდებით თუ მუხთალი ბედის გამო სოფლიდან სოფელში, სახლიდან სახლში, ფუნდუკიდან ფუნდუკში შესვლით გვიან მოგიხდებათ დაბრუნება მოგზაური მლოცველის მსგავსად, თქვენი კუნძული სადაც დასტოვეთ, იქვე დაგხვდებათ და კუნძულის მცხოვრებნიც უწინდელებრ მზად იქნებიან გუბერნატორად მიგიღონ. ხოლო მე თქვენდამი იმავე კეთილგანწყობით დავრჩები, როგორითაც აქამდის ვიყავი, თუ ამ ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტებაში ეჭვს შეიტანთ, ეს ის იქნება, სენიორ სანჩო, რომ თქვენდა სამსახურის გაწევის ჩემს სურვილს ცხადი შეურაცხყოფა მიაყენოთ.
_ კმარა, სენიორ, _ დაიძახა სანჩომ, _ მე ერთი საბრალო საჭურველმტვირთველი ვარ და მაგდენ მართებულ მოპყრობას ზურგით ვერ ვზიდავ. ჩემი ბატონი შებრძანდეს ცხენზე, მეც თვალები ამიხვიონ და ღმერთს მიმაბარონ. მხოლოდ ნება მიბოძეთ გკითხოთ: ჰაერში ფრენის დროს მაღლიდან შემეძლება თქვენს ღმერთს ვევედრო, ანუ ანგელოზები მოვიხმო, რომ დამიცვან?
ამაზე ტრიფალდიმ უპასუხა:
_ თქვენ, სანჩო, თამამად შეგიძლიათ, თქვენი თავი ღმერთს ან, ვისაც გინდათ, იმას მიანდოთ, რადგან მალამბრუნო, თუმცა ჯადოქარიც არის, მაინც ქრისტიანია და თავის ჯადოებს წინდახედულად ხმარობს, რათა უსიამოვნებას არ შეეყაროს.
_ მაშ, _ თქვა სანჩომ, _ ღმერთი იყოს ჩემი მფარველი და გაეტის * უწმიდესი სამება იყოს შემწე ჩემი.
_ მაუდის სათელავ წისქვილებთან ფათერაკის შემდეგ არ მახსოვს, რომ სანჩო ასე სადმე შიშს აეტანოს, _ თქვა დონ კიხოტმა, _ და რომ ისეთი ცრუმორწმუნე ვიყო, როგორიც სხვები არიან, შესაძლოა, გული ცოტაოდენად მაინც ამღელვებოდა. მაგრამ, სანჩო, აქ მოდი, ამ სენიორების ნებართვით მინდა მარტოს ორიოდე სიტყვა გითხრა:
დონ კიხოტმა სანჩო ერთ პატარა ხეების ჯგუფს ქვეშ შეიყვანა, ორივე ხელი დაუჭირა და უთხრა:
_ ჩემო ძმაო სანჩო, ხომ ხედავ, რა შორი გზა გვიდევს წინ? ღმერთმა უწყის, როდის დავბრუნდებით იქიდან, ან როგორ მოეწყობა ჩვენი საქმე, რომ მოხერხებული დრო ჩვენს ნებაზე მოვიხმაროთ. ამიტომ მინდოდა ახლა ოთახში შესულიყავ საგზაოდ რამე აუცილებელი საქმისათვის და იქ ერთი თვალის დახამხამებაზე დანიშნული სამი ათას სამასიდან ხუთასი მათრახი მაინც მიგერტყა შენთვის. ამგვარად საქმეს დასაწყისი მიეცემოდა და, ხომ იცი, ყველა დაწყებული საქმე მის ნახევრებამდის გათავებულად უნდა ჩაითვალოს.
_ ღმერთსა ვფიცავ, თქვენო მოწყალებავ, _ უთხრა სანჩომ, _ უთუოდ ჭკუიდან შეიშალეთ. ეს მაგონებს ანდაზას: `უკვე ვმშობიარობ, შენ კი მეკითხები _ ქალწული თუ ხარო~. ახლა, როდესაც ცარიელ ხმელ ფიცარზე მომიხდება ჯდომა, თქვენს მოწყალებას სურს საჯდომი ისე დავიბეჟო, რომ ჯდომაც აღარ შემეძლოს ღმერთმანი, თქვენის მხრივ ეგ კარგი არ არის. წავიდეთ, ამ მანდილოსნების წვერის მოპარსვას დავეშუროთ და, როდესაც დავბრუნდებით, მაშინ ისეთი კაცის სიტყვას გაძლევთ, როგორიც თვითონ მე ვარ, ჩემს გალახვას დავეშურები და სრულებით დაგაკმაყოფილებთ. თუ ეს ასე არ იყოს, სანჩო აღარ მერქვას, ახლა ამის მეტს აღარას ვიტყვი.
_ ეგ დაპირება საკმაოა ჩემთვის, _ უთხრა დონ კიხოტმა. _ დარწმუნებული ვარ, მაგას აასრულებ, რადგან, თუმცა უბირიცა ხარ, მაინც მართალი კაცი ხარ.
_ მე მწვანე * არა ვარ, შავგვრემანი ვარ, _ უთხრა სანჩომ, _ მაგრამ ჭრელიც რომ ვიყო, ჩემს სიტყვას მაინც არ გადავიდოდი.
ამ ლაპარაკის შემდეგ რაინდი და საჭურველმტვირთველი კლავილენიოსთან დაბრუნდნენ და, დონ კიხოტი რომ ზედ შესაჯდომად ემზადებოდა, სანჩოს მიუბრუნდა და უთხრა:
_ სანჩო, თვალები აიხვიე და დაჯექი, რადგან მწამს _ ვინც ისეთი შორი ქვეყნიდან მიგვიხმო, ჩვენს მოტყუებას არ ინდომებს, რადგან _ ჯერ ერთი, ეს სირცხვილი იქნება მისთვის და, მეორეც, ამით დიდ პატივსა და სახელს ვერ მოიხვეჭს. თუნდაც უკუღმა მოხდეს ის, რასაც ვფიქრობ, მაინც ასეთი ღვაწლით მოხვეჭილ დიდებას ვერავითარი ბოროტება ვერ ჩრდილავს ამ ქვგყანაზე.
_ წავიდეთ, ბატონო, _ უთხრა სანჩომ, _ თორემ ამ მანდილოსნების ცრემლი და წვერები გულში ჩამეკრნენ. მანამ იმათ ნიკაპებს გასუფთავებულს არ დავინახავ, იმ დრომდე ყელში ლუკმა არ ჩამივა. აბრძანდით, თქვენო მოწყალებავ, და თვალებიც პირველმა აიხვიეთ, რადგან მე გავაზე უნდა ვიჯდე, ცხადია, უნაგირზე ვინც ჯდება, პირველი ის ადის.
_ შენ მართალი ხარ, _ მიუგო დონ კიხოტმა.
ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და დოლორიდას სთხოვა თვალები აეხვია. იმან თვალები აუხვია, რაინდმა მაშინვე მოიხსნა და თქვა:
_ ვერგილიუსის ნაწერებში ტროადელი პალადიუმის ისტორია წამაკითხეს. თუ მეხსიერება არა მღალატობს, იგი ხის ცხენი იყო, ბერძნებისაგან ქალღმერთი პალადისათვის მსხვერპლად მიტანილი, და იმაში შეიარაღებული რაინდები იყვნენ დამალულნი, და ბოლოს ტროადაც მათი საშუალებით დაემხო. ამიტომ მეტი არ იქნება ვნახოთ, ამ კლავილენიოს მუცელში ხომ არა არის რა.
_ ეგ სულაც საჭირო არ არის, _ უთხრა დოლორიდამ, _ რადგან თავდები მე ვარ. კარგად ვიცი, რომ მალამბრუნოს გულში ვერაგობისა და ღალატის ნატამალიც არ მოიპოვება. უშიშრად შებრძანდით, თქვენო მოწყალებავ სენიორ დონ კიხოტო და თუ ცუდი რამ შეგემთხვეთ, დაე, სრული პასუხისმგებლობა ჩემს თავს დაატყდეს.
დონ კიხოტმა იფიქრა, ჩემს უშიშროებაზე თუ კიდევ ვთქვი რამე, ეს ჩემი მამაცობისათვის საზიანო იქნებაო, ამიტომ აღარაფერი თქვა კლავილენიოზე შეჯდა და კრკალს ხელი მოჭიდა. რადგან ფეხები უზანგებში არა ჰქონდა და მთელ სიგრძეზე ჩაეკიდა, ამიტომ იგი ერთ იმ ფიგურას ჰგავდა, რომელიმე ფლანდრულ ხალებზე რომ არის დახატული ან ამოქარგული და რომის ისტორიიდან აღებულ სანახაობას წარმოადგენს.
სანჩო ზარმაცად და ზლაზვნით ავიდა ცხენზე და რაც შეეძლო ცდილობდა _ მოხერხებით დამჯდარიყო გავაზე. მაინც იგი საკმაოდ ხმელად და უსიამოვნოდ ეჩვენა. ამიტომ ჰერცოგსა სთხოვა, თუ შეიძლება, რაიმე ბალიში ან ნაალის ნაჭერი მიეცათ მისთვის, თუნდა ჰერცოგის ცოლის ტახტიდან ან რომელიმე მსახურის ლოგინიდან, რადგან ცხენის გავა უფრო მარმარილოსას ჰგავდა, ვიდრე ხისას.
ამაზე ტრიფალდიმ უთხრა, რომ კლავილენიო ვერავითარ მოკაზმულობას ვერ შვნეობს თავის ზურგზე, ამიტომ ბალიშის მიცემა არ შეიძლებაო. უკიდურეს შემთხვევაში სანჩოს შეუძლია ქალურად დაჯდეს, მაშინ დასაჯდომი აგრერიგად მაგარი არ მოეჩვენებაო. სანჩოც ასე მოიქცა, ყველას გამოეთხოვა და თვალები აახვევინა. მაგრამ ისევ მოიხსნა, ბაღში მყოფთ ცრემლმორეული თვალით შეხედა და მუდარებით სთხოვა ამ განსაცდელის წამს თქვენს ლოცვა-კურთხევას ნუ მომაკლებთო და რანდენიმეჯერ `Pატერ ნოსტერ-ი და Aვე Mარია~ * წაიკითხეთო: ამის სანაცვლოდ, თუ რაიმე გასაჭირში ჩავცვივდებით, ღმერთი ისეთ კაცს მოგივლენთ, დღემუდამ თქვენთვის ილოცოსო. მაგრამ ამ დროს საქმეში დონ კიხოტი ჩაერია და შეუყვირა:
_ სახრჩობელაზე ხარ, შე არამზადავ, თუ უკანასკნელი სიცოცხლის საათი დაგიდგა, რომ მაგგვარი თხოვნით და მუდარით მიმართავ? შე უგულო და მხდალო ქმნილებავ, განა იმ ადგილზე არა ზიხარ, სადაც მშვენიერი მაღელონა მჯდარა და საიდანაც, თუ ისტორია არა ცრუობს, საფლავში კი არ ჩასულა, საფრანგეთის სამეფო ტახტზე ასულა, და მეც შენთან ერთად არა ვზივარ? განა არ შემიძლია დავედარო ღვაწლმოსილ პიერს, იმავე ალაგს რომ მჯდარა, რა ალაგზეც ახლა მე ვზივარ? აიხვიე, აიკარ ეგ თვალები, მშიშარა ცხოველო, და შენს სიმხდალეზე ჩემს წინ სიტყვაც აღარ დასძრა.
_ მაშ თვალები ამიხვიონ, _ უპასუხა სანჩომ, _ და რაკი არა სურთ ჩემი თავი ღმერთს მივანდო და სხვასაც უშლიან ჩემთვის ლოცვას, განა საკვირველია _ მეშინოდეს _ აქ სადმე იქნება ეშმაკების ლეგიონია და პირდაპირ პერალვილიოში * გაგვაქანონ-მეთქი?
როგორც იქნა ორივეს თვალები აუხვიეს და, დონ კიხოტმა იგრძნო რა, რომ ყოველივე რიგზე იყო, კრკალს მოჭიდა ხელი. იმ წყეულმა დუენიამ და ბაღში მყოფთ ხმამაღლა შესძახეს:
_ გფარავდეს ღმერთი, ღვაწლმოსილო რაინდო!
_ აგრეთვე შენც, მამაცო საჭურველმტვირთველო!
_ აი, აი, ჰაერში მიფრინავთ და ისრის უსწრაფესად მიაპობთ მას.
_ აი, უკვე აკვირვებთ და აოცებთ ყველას, ვინც ამ დედამიწიდან გიცქერთ!
_ ხელი მაგრად მოსჭიდე, ვაჟკაცო სანჩო! ნუ ტოკავ, ფრთხილად იყავ, არ ჩამოვარდე, თორემ შენი ჩამოვარდნა იმ გაბედული ჭაბუკის ჩამოვარდნაზე უსაშინლესი იქნება რომელსაც უნდოდა თავისი მამის _ მზის ეტლი ეტარებინა! *
სანჩოს ყველა ეს ესმოდა, თავის ბატონს უფრო მაგრად ეკვროდა და ხელებმაგრაჩაბღუჯულმა უთხრა:
_ თქვენო მოწყალებავ, ამბობენ, ვითომც ძალიან მაღლა ავიწიენით, მაგრამ ყველა მათი სიტყვა ის მესმის, თითქოს აქ გვერდზე გვიდგანანო.
_ მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, სანჩო, _ უპასუხა დონ კიხოტმა, _ ჰაერში მოგზაურობა ყველა ჩვეულებრივი მოგზაურობისაგან მეტად განსხვავებულია, ამიტომაც ათასი მილის სიშორეზედაც, რასაც კი ისურვებ, დაინახავ კიდეც და გაიგონებ კიდეც, თანაც ასე მაგრად ნუ მომაწვები, თორემ ცხენიდან გადმომაგდებ. არ ვიცი, ღმერთმანი, რა გაშფოთებს და გაშინებს ჩემს დღეშიაც არ მივლია ასეთი დამშვიდებული ნაბიჯით მატარებელი ცხენით, როგორიც ეს არის. ისე მგონია, თითქოს ადგილიდანაც არ ვიძვრით. ეგ შიში გაიქარვე, მეგობარო, ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც რიგია, ქარიც უკანადან გვიბერავს.
_ ეგ მართალია, _ უთხრა სანჩომ. _ აქეთა მხრიდან ისეთი გრილი ქარი მიბერავს თითქოს ათასი საბერველი აუმუშავებიათო.
სანჩო მართალს ამბობდა. იმის მხარეზე მართლაც რამდენიმე დიდი საბერველით უბერავდნენ. ეს ფათერაკი ჰერცოგს, მის ცოლსა და სახლთუხუცესს ისე კარგად მოეწყოთ, რომ არაფერი არა ჰქონდათ დავიწყებული, რათა იგი ყოველმხრივ სრული ყოფილიყო.
დონ კიხოტმა იგრძნო ქარის ქროლვა და თქვა:
_ სანჩო, ჩვენ, უთუოდ, ახლა ჰაერის მეორე სფეროში ავედით, სადაც სეტყვა და თოვლია, მესამე სფეროში ქუხილი და ელვა ჩნდება და, თუ მაღლა მაღლა ავედით, ვინ იცის _ ჩქარა ცეცხლის სფეროსაც მივაღწიოთ. არ ვიცი, ეს კრკალი როგორ მივატრიალო, რომ იქამდის არ მიგვიყვანოს და არ დავიწვათ.
ამ დროს რაინდისა და საჭურველმტვირთველის სახესთან გრძელ ლერწამზე გაკეთებული ანთებული ნამჯის მაშხალა მიიტანეს, როგორც შორიდან ადვილად ასანთები, ისე ადვილად გასაქრობიც, და სანჩომ რომ სიცხე იგრძნო, თქვა:
_ თოკით ჩამომკიდონ, თუ ჩვენ ცეცხლის სფეროში არ ავსულიყოთ. ან მასთან ახლო მაინც არ ვიყოთ. რადგან ნახევარი წვერი კიდეც შმეტრუსა. ნეტავ თვალები გამახელინა, დავინახო _ ახლა სადა ვართ.
_ ეგ არა ქნა, სანჩო, _ უთხრა დონ კიხოტმა. _ გაიხსენე ლიცენციატ ტორალბას * ნამდვილი ამბავი, ეშმაკებმა რომ მადრიდიდან ლერწმის ჯოხ-ცხენით ჰაერში სულ ჭენებ-ჭენებით წაიყვანეს. თორმეტი საათის შემდეგ რომში მიფრინდა. ამ ქალაქში, ერთ-ერთ ქუჩას ტორედე ნონა რომ ჰქვია, იმ ქუჩაზე ჩამოეშვა და იქ არეულობა, ბრძოლა, ბურბონის ჰერცოგზე თავდასხმა და მისი მკვლელობა ნახა. ხოლო მეორე დღეს დილით მადრიდს დაბრუნდა და ყველა ნახულის ანგარიში ჩააბარა. სხვათა შორის, ყველას უამბო როდესაც ჰაერში მიფრინავდა, ეშმაკმა უბრძანა _ თვალები აეხსნა, და რომ აიხსნა, მთვარე ისე ახლოს ეჩვენა, ხელის მიწვდენაც შეეძლო, მაგრამ დედამიწაზე ჩამოხედვა კი ვერ გაბედა, ეშინოდა _ თავბრუ არ დახვეოდა. ამიტომ, სანჩო, არც უნდა ავიხსნათ თვალები, ვინც ჩვენ გვმფარველობს, თვითონ ის იზრუნებს ჩვენთვის, და ვინ იცის _ სულ მაღლა-მაღლა იმიტომ ავდივართ, რომ კანდაიში ერთბაშად ჩავეშვათ, ვით შავარდენი, მაღლიდან რომ უცებ თავის დავლას დააცხრება ხოლმე, და, თუმცა მეჩვენება, რომ ნახევარი საათიც არ არის, რაც ბაღი დავტოვეთ, მაინც მგონია, კარგა დიდი მანძილი გავიარეთ.
_ მაგისი არა ვიცი რა, _ მიუგო სანჩომ. _ მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ სენიორა მაღალიანესს ანუ მაღელონას ეს ცხენის გავა არ აწუხებდა, ჩანს, მისი სხეული ძალიანაც ნაზი არა ყოფილა.
ჰერცოგი, მისი ცოლი და მთელი მათი ამალა, ვინც კი ბაღში იყო, ორი მამაცის საუბარს ყურადღებით ისმენდნენ, მათი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გამოჰპარვიათ და ამით დიდადაც სიამოვნებდნენ. ამასთან უკვე სურდათ ეს ოსტატურად მოფიქრებული უცნაური ფათერაკი მალე დაებოლოვებინათ, ამიტომ კლავილენიოს კუდქვეშ ერთი ბღუჯა ანთებული ნამჯა შეუდეს, და, რადგან ცხენის მუცელი ტკაცუნა შუშხუნებით იყო გამოტენილი, ამიტომ საშინელი გრიალით იფეთქა, ჰაერში ავარდა და ბოლით გამურული დონ კიხოტი და სანჩო ძირს ჩამოყარა.
წვერიანი დუენიები და მასთან ტრიფალდი ბადიდან წინადვე წავიდნენ, დანარჩენები კი კლავილენიოს აფეთქებისას მიწაზე დაეცნენ და ვითომ გულშეღონებულნი ეყარნენ. ცოტაოდენად დაბეგვილი დონ კიხოტი და სანჩო წამოდგნენ, ყველა მხარეზე მიმოიხვდეს და მეტად გაოცდნენ და გაკვირდნენ, რომ იმავე ბაღში იმყოფებოდნენ საიდანაც კანდაის გაემგზავრნენ, მათი ნაცნობი საზოგადოებაც მიწაზე უძრავად ეყარა. გაკვირვება გაუორკეცდათ როდესაც ბაღის ერთ კუთხეში მიწაში ჩარჭობილი გრძელი შუბი და ზედ აბრეშუმის ორი მწვანე ზონრით დაკიდებული ეტრატი დაინახეს, რომელზედაც ოქროს მსხვილი ასოებით შემდეგი ეწერა:

სახელოვანმა რაინდმა დონ კიხოტმა ლამანჩელმა გრაფის მეუღლე ტრიფალდის, სხვა სახელით დუენია დოლორიდად წოდებულის _ და მისთა მხლებელთა ფათერაკი ბოლომდის მიიყვანა და დაამთავრ უკვე იმით, რომ მის შესასრულებლად წავიდა. მალამბრუნო აცხადებს, რომ იგი ამით სრულებით დაკმაყოფილებულია, რადგან, როგორცა სურდა, ყოველივე ისე მოხდა. დუენიებს ნიკაპები სრულებით გაწმენდილი და გასუფთავებული აქეთ, მეფე-დედოფალს _ დონ კლავიხოს და ანტონომასიას თავისი წინანდელი მდგომარეობა დაუბრუნდათ და, როდესაც საჭურველმტვირთველი გამათრახებას შეასრულებს, თეთრი გვრიტი მისი მდევნელი ქორის ბასრი კლანჭებიდან განთავისუფლდება და გაეშურება თავისი ძვირფასი მოღუღუნე მტრედის ჩასაკონებლად, რადგან ყველა ჯადოქართა მთავარ-ჯადოქარმა ბრძენმა მერლინმა ასე დაადგინა.

დონ კიხოტმა რომ ეტრატზე ეს წარწერა წაიკითხა, ცხადად გაიგო, რომ ეს დულსინე ჯადოს მოხსნას შეეხებოდა. ზენაარს უაღრმესი მადლობა შესწირა, რომ დიდებული ღვაწლი ასე უვნებლად შეასრულა და მით ახლა ბაღიდან გასული _ ღირსეული დუენიების ნიკაპებს უწინდელი სიღლუვე და სისუფთავე დაუბრუნა. შემდეგ ჰერცოგთან და მის ცოლთან მივიდა, ჯერაც რომ არ იყვნენ გონზე მოსულნი, ჰერცოგს ხელი დაუჭირა და უთხრა:
_ ყოჩაღად იყავით, კეთილო სენიორ, მეტი სიმამაცე მოიეცით, რადგან მთელი ფათერაკი ისე მორჩა, როგორც აგერ იმ ბოლოში დაკიდული წარწერიდან ჩანს, რომ არავის ვნება არ მისცემია.
ჰერცოგი ღრმა ძილისაგან გამოღვიძებული ადამიანივით ნელი-ნელ გონს მოვიდა; მასუკან მისი ცოლი და დანარჩენნიც გამოერკვნენ და ისეთი გაკვირვებული და შეშინებული სახით, რომ შეიძლებოდა კაცს ეფიქრა, თითქოს მთელი ეს შემთხვევა მარჯვედ მოფიქრებული ხუმრობა კი არ იყო, არამედ _ ნამდვილად მომხდარი ამბავი. ჰერცოგმა ეტრატზე წარწერა ნახევრად მოხუჭული თვალით წაიკითხა, დონ კიოტთან მივიდა, მთლად გაშლილი ხლებით გადაეხვია და უთხრა: შენებრ სახელოვანი რაინდი ჯერ არც ერთ საუკუნეში არ ყოფილაო. ამასობაში სანჩო აქა-იქ დოლორიდას ეძებდა, რომ ენახა, უწვერო ისეთი ლამაზი იყო, როგორც მის ვაჟკაცურ გარეგნობას შეეფერებოდა თუ არა, მაგრამ უთხრეს, დუენიები ტრიფალდისთან ერთად გაქრნენ მთლად გაპარსულებიო, _ სწორედ იმ წამში, როდესაც ცეცხლმოდებული კლავილენიო ჰაეროვანი სიმაღლიდან დედამიწას დაენარცხა და ნამსხვრევებად დაილეწაო. ჰერცოგის ცოლმა ჰკითხა სანჩოს: ხანგრძლივი მგზავრობის ჟამს თავს როგორ გრძნობდითო, და იმანაც უპასუხა:
_ მე ვგრძნობდი, სენიორა, და ჩემი ბატონიც მეუბნებოდა, რომ ცეცხლის სფეროში ვიმყოფებოდით, და მე მინდოდა ცოტა ოდენად თვალი ამეხადნა, მაგრამ ჩემმა ბატონმა ამისი ნება არ მომცა; მაინც, რაკი ცოტა ცნობისმოყვარე ვარ და მინდა ის ვიცოდე, რასაც მიმალავენ და რასაც მიშლიან, _ ჩუმად, ისე, რომ არავის დაენახა, სახვევი ოდნავ ცხვირთან ავიწიე და ჭუჭრუტანიდანა ძირს, დედამიწაზე დავიხედე, სწორედ მდოგვის მარცვლის ტოლად მეჩვენა და ზედ მავალი ადამიანები კიდევ კაკლის ოდენად. აქედან შეიძლება დავასკვნათ, თუ რა სიმაღლეზე უნდა ვყოფილიყავით ასული.
_ მოიფიქრეთ, მეგობარო სანჩო, _ უთხრა ჰერცოგის ცოლმა, _ ეტყობა სულ არ დაგინახავთ დედამიწა, მარტო იქ მიმავალი ადამიანები გინახავთ, დედამიწა რომ მდოგვის მარცვლის ოდენად გჩვენებოდათ და ყოველი ადამიანიც კაკლის ტოლა, მაშინ ხომ ერთ ადამიანს თავისი ტანით მთელი დედამიწის ბურთობი უნდა დაეფარა?
_ ეგ მართალია, _ მიუგო სანჩომ, _ დედამიწის ერთი წიბო გამოჩნდა, მაგრამ მაინც მთელ დედამიწას ვხედავდი.
_ სანჩო, ერთი პატარა წიბოდან და პატარა ჭუჭრუტანიდან რისამე მთლად დანახვა არ შეიძლება, _ შეეკამათა ჰერცოგის ცოლი.
_ მე მაგ დანახვებისა არა ვიცი რა, _ შეესიტყვა სანჩო. _ მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგი იქნებოდა თქვენს სენიორობას შეეგნო, რაკი ჯადოქრების ძალით მივფრინავდით, დედამიწისა და ხალხის დანახვაც, როგორც უნდა მეცქირა მისთვის, ჯადოქრობის ძალით შემეძლო და, თუ ეს არა გჯერათ, თქვენო მოწყალებავ, მაშ, იმასაც არ დაიჯერებთ, რომ, როცა თვალები წარბებამდის ავიხსენი, ცა ისე ახლოს დავინახე, რომ სულ ერთი ალაგის სიშორეზე იყო, და ყოველგვარ ფიცს ქვეშ შემიძლია ვთქვა, ჩემო სენიორა, რომ ცა მეტისმეტად დიდია. ისე მოხდა, რომ ჩვენ მაშინ იმ ალაგს მივფრინავდით, სადაც შვიდი თიკანი * იმყოფება, და ღმერთსა და ჩემს სულს ვფიცავ, რადგან ყმაწვილობისას ჩვენს სოფელში თხებს ვმწყემსავდი, ის თიკნები დავინახე თუ არა, სურვილი მომეცა მათთან ცოტა ხანს თავი შემექცია, ეს, რომ არ მექნა, მგონია, კიდეც მოვკვდებოდი. არავისთვის არაფერი არ მითქვამს, თვითონ ჩემს ბატონსაც არაფერი ვუთხარი, კლავილენიოდან ჩუმად, დეხაკრეფით ჩამოვედი, იმ თიკნებთან მივედი, _ მიხაკის ყვავილზე ლამაზები რომ არიან _ და თითქმის სათის სამი მეოთხედი შევექცეოდი მათთან. კლავილენიო ადგილიდან არ დაძრულა და წინ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.
_ კეთილო სანჩო, _ მინამ თიკნებთან თავს ირთობდით, _ სენიორ დონ კიხოტი რაღას აკეთებდა? _ ჰკითხა ჰერცოგმა.
ამაზე დონ კიხოტმა უპასუხა:
რადგან ყველა ეს ამბავი და ფათერაკი საგანთა არაჩვეულებრივი მიმდინარეობით ხდება, ამიტომ საკვირველიც არ არის, რომ სანჩო იმას ამბობს, რასაც ამბობს. რაიცა მე შემეხება, შემიძლია ვთქვა, რომ თვალების ასახვევი არც ქვევით ჩამიწევია არც ზევით ამიშვია, არც დედამიწა დამინახავს, არც ცა და არც ზღვა, არც ქვიშნარი. მე მართალია ვგრძნობდი, რომ ჰაერის სხვადასხვა სფეროში მივექანებოდით, ცეცხლის არეს ახლოს ვიყავით, მაგრამ, უფრო მაღლა რომ ავედით, ამას არ დავიჯერებ, რადგან ცეცხლის არე მთვარის არესა და ჰაერის უკანასკნელ არეს შუა მდებარეობს და, მაშასადამე, შვიდი თხის ვარსკვლავედიც იქ არის და, იქამდის რომ ავსულიყავით, ესე იგი _ სულ მაღლა ცამდის _ დავიწვებოდით და თუ არ დავიწვით, მაშ არც ავსულვართ. და სანჩო რომ ამბობს _ შვიდი თიკანი ვნახეო, _ ან ცრუობს, ან სიზმარში მოსჩვენებია.
_ არა ვცრუობ და არც მომჩვენებია, _ მიუგო სანჩომ, _ და თუ ჩემი არა გჯერათ, აბა იმ თიკნების ნიშნები მკითხეთ და მაშინ დაინახავთ _ ვცრუობ, თუ მართალს გამბობ.
_ მაშ იმათი ნიშნები აგვიწერე, სანჩო. _ უთხრა ჰერცოგის ცოლმა.
_ ორი მათგანი ლურჯია, _ უთხრა სანჩომ, _ ორი მწვანე, ორი წითელი და ერთი ჭრელი.
_ ეგ ახალი ჯიშის თხები ყოფილა, _ უთხრა ჰერცოგმა. _ მაგისთანა ფერის თხა ჩვენს ქვეყნიერებაზე არსად მოიპოვება.
_ ეგ დიახაც ცხადია, _ უთხრა სანჩომ, _ დედამიწისა და ცის თხებში, რა თქმა უნდა, რამე განსხვავება უნდა იყოს.
_ ისიც გვითხარი, სანჩო, იმ თხებში ვაციც იყო? _ ჰკითხა ჰერცოგმა.
_ არა, სენიორ, ვაცი არ მინახავს, _ მიუგო სანჩომ, _ მაგრამ ის კი გამიგონია, რომ მთვარის რქებში ჯერ არც ერთ რქიან თხას არასოდეს არ გაუვლია. *
ჰერცოგმა და მისმა ცოლმა ზეცაში მოგზაურობაზე სანჩოს გამოკითხვა აღარ ინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ ის მზად იყო ბაღიდან ფეხის გადაუდგმელად მთელი ცა მოევლო და ყველაფერი ეამბნა, რაც კი რამ იქ ხდებოდა. ერთი სიტყვით დუენია დოლორიდას ფათერაკის დასასრული ასეთი იყო და მან ჰერცოგს და მის ცოლს მიზეზი მისცა, არათუ იმ დღეს ეცინათ, არამედ მთელი სიცოცხლე სიცილით გაეტარებინათ, ხოლო სანჩოს მთელი საუკუნეებისთვის საამბობი და საუბრის მასალა მისცა, თუკი იმდენ ხანს იცოცხლებდა. დონ კიხოტი სანჩოსთან მივიდა და ყურში უჩურჩულა:
სანჩო, თუ ძალიან გსურს დაგიჯეროთ, რაც ზეცაში ნახე, ვალდებული ხარ შენც შენი მხრით დამიჯერო, რაც მონტესინოსის მღვიმეში ვნახე, და ამის მეტს არას გეტყვი.

მომიტევეთ მასშტაბებისთვის...
Added @
იმაზე დიდი გამოჩნდა ვიდრე მეგონა, ამის შეკვეცა არ შეიძლება, წაიკითხეთ და გახალისდით, მერე შეგიძლიათ იფიქროთ კიდეც. ძალიან მაგარი სიუჟეტი მსოფლიო ლიტერატურიდან...

ამბავი თუ როგორ შემოიფრინა დონ კიხოტმა ხის ცხენით მსოფლიო სანჩოსთან ერთად...

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Dec 2 2009, 13:00
#2 

Amateur Amateur
1,281


user posted image
By პიკასო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 26th December 2024 - 18:46

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'