ყოველწლიურად, ივნისის პირველ კვირა დღეს, ჩემს სოფელში აღნიშნავენ ხალარჯობას. ეს დღესასწაული იმავე დღეს აღინიშნება, რა დღესაც მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ამაღლებას. ხალარჯობა, ეს კუთხური დასახელებაა, ზოგადად კი იგივდება ამაღლების დღესასწაულთან. ჩემს წინაპრებს სწორედ რომ ლოგიკურად უკურთხებიათ ეს ადგილი ხატად. სად შეიძლება მოხდეს ამაღლება ამაზე მეტად, თუ არა აქ?...
ამ მთის მწვერვალზე აღინიშნება ეს შესანიშნავი დღე. მე მთას ვუწოდებ მწვანე პირამიდას, რადგან მართლაც რომ სრული სიმეტრიითაა აღმართული...
შაბათს 6 ივნისს, ჩემს მეგობართან, კოკასთან ერთად გავემგზავრე სოფელში. მთაში სამხიდიანი მანქანით უნდა ავსულიყავით სოფლიდან. დიდი სკაუტები ვერ გახლავართ და სამთო აღჭურვილობითაც ვერ დავიკვეხნით, ერთი გაღლეტილი საძილე ტომრის იმედზე ვიყავით. (საშინლად მოღრუბლული დღე იყო და ელავდა კიდეც, რომ იწვიმებდა ეს კარგად ჩანდა). სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ხატობას აღნიშნავენ 7 ივნისს, მაგრამ ახალგაზრდები და ჟიპიტაურის მოყვარულები წინა დღისით ადიან მთის ძირში, ყველაზე მეტი ბიჭობა კი ისაა, ვინც ღამენათევი და ნაქეიფარი ავა მთის წვერზე დილით.... მოკლედ ავედით სოფელში, წავიხემსეთ და სამხიდიანი ZIS-ი შევუყენეთ გზას. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მანქანამ იბუქსავა, იბუქსავა და ბოლომდე ვერ აგვიყვანა, სხვა რა გზა გვქონდა, ფეხით გავუყევით აღმართს და სულ ცოტა ხანში მივაღწიეთ იმ ადგილს, სადაც უნდა დავბანაკებულიყავით. ამასობაში შემოგვაღამდა და მწვანე ბრეზენდისგან კარვის გაკეთება არ გვქონდა დამთავრებული, რომ საშინელმა წვიმამ დასცხო...
სამწუხაროდ ჟიპ 13-მა ისე შეგვითრია ბახუშში, რომ თქვენი ფოტოაპარატი კი არა, საკუთარი სახელები აღარ გვახსოვდა... საძილე ტომარა როგორღაც მოვათავსეთ ამ ბრეზენტის ქოხში და ხვრინვა ამოვუშვით. დილით რაღაც სისველე ვიგრძენი ბეჭებზე, თურმე ქარს მთელი კარავი წაეღო და ჩვენ ღია ცის ქვეშ ვეყარეთ მანამ, სანამ არ გამოვფხიზლდით....
დილით კი ნისლი იყო ირგვლივ....
(კარავიც შეეკეთებინათ )
წვერზე ასვლისთვის ვემზადებოდით, მაგრამ სანამ ნისლი არ გაიფანტებოდა ვერაფერსაც ვერ ვიზავდით... ამასობაში დრო გადიოდა და დეკანოზმა (თითქმის ხევის ბერი) გადაწყვიტა საკლავის დაკვლა. (საკლავის დაკვლა და სხვა რიტუალების შესრულება ევალება სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სოფელი თვითონ ირჩევს ყოველწლიურად, მათ მნათეები ჰქვიათ).
მე მთლად პაციფისტი ვერ გახლავართ, მაგრამ ასეთი რამეების მომხრე ნამდვილად არ ვარ...
ამასობაში ნელ-ნელა ნისლი გაიფანტა და ხალხიც შემოგვემატა...
ჩვენც ავდექით და გზას გავუდექით.
და დაიწყო ჩვენი ამაღლება...
მაღთლაც რომ სულის საზრდო იყო იქ ყველაფერი, ალაგ-ალაგ ნისლის ნაფლეთები ფიფქებივით ელაგა მთებს. ქვემოთ ჩანდა ბაზალეთის ტბა, ზემოთ - მყინვარი ყაზბეგი, რომელიც ნისლის ნაბადში იყო გახვეული...
სილამაზით გართულებს დაღლა არც კი გვიგვრძვნია...
ესაა ნიში (სალოცავი ადგილი) მთის წვერზე.
ესაც კოკას შედევრი
ეს ფოტო კოკამ გადაიღო, მე ძალიან მომწონს... საოცარი ადგილია...
მან პირველმა დარეკა ზარი, ზარი რომლის ხმა წინაპრებმა უსათუოდ გაიგეს, იგია ადათის გამგრძელებელი...
nusa ეს ადგილი ანანურთან ძალიან ახლოსაა, ანანურის შემდეგ მეორე სოფელია. სოფ. პავლეური. ეს მთა კი სამხედრო გზიდანაც მშვენივრად ჩანს. ანანურს რომ გაცდებით, პირველივე სამანქანო ხიდი სადაცაა არაგვზე გადებული, იმ სოფელშია...