BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
 
Reply to this topicStart new topic

· [ ] ·

> ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი, რევაზ ინანიშვილი

| |
Kapo
post May 18 2009, 20:59
#1 

Amateur Amateur
1,281


ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
რევაზ ინანიშვილი

ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ვის ელი, შე საბრალოვ! – შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, - ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი
მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.
გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:
- ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!
- მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.
მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.
ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.
- ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, - ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.
მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.
შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა. მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ...
და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ – ნელა მოდიოდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, - თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე – წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე – სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში – ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.
ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა.
ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.

______________________________________________________________________
მეტად უცნაური მოთხრობა... სუბიექტურად აღიქვით და გადაიღეთ ობიექტურად...
Added @
გამოიჩინეთ ინტერესი, ნუთუ მართლა არ გაინტერესებთ?...

საოცარია...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post May 18 2009, 22:56
#2 

Amateur Amateur
1,281



user posted image

ნეკერჩხლის უკანასკნელი ფოთოლი... smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post May 25 2009, 22:12
#3 

Amateur Amateur
1,281


angry.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
nature
post May 28 2009, 12:03
#4 

Amateur Amateur
4,227


"- ჩამოდი, შე საცოდავო! – დაუძახა ქვემოდან წყალმა, - ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.
მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.
ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა."


user posted image

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 19th November 2024 - 11:16

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'