BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> იური მეჩეთოვი გადაცემაში "მე ფოტოგრაფი", გადაცემა #3

| |
Magdu
post Nov 16 2008, 13:36
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველნო. დღეს გადაცემის სტუმარია ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩეთოვი.
----------------------------------------------------------------------
წარმოგიდგენთ ია ვეკუას მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუს ბატობ იურისთან, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ გადაცემის დაწყვებამდე.


-----------------
ნიჭიერი, მაგრამ არა გენიალური

მისი ფოტოგრაფია შავ-თეთრია, ცხოვრება კი ფარაჯანოვის ხალიჩასავით ჭრელი. მსოფლიოში საუკეთესო მოსაუბრეა, თუმცა როგორც რესპონდენტი, აუტანელი _ მოუხელთებელი, მოუთოკავი, ზედმეტად თამამი და ზოგჯერ ურცხვიც. იური მეჩითოვი, ალბათ, ერთადერთი მასწავლებელია, რომლის ლექციაზე მისულ გოგონას მამა მიჰყვება და გვერდიდან იმის შიშით არ სცილდება, რომ მის, ჯერ კიდევ “არაფრის უნახავ” ქალიშვილს, პატივცემულმა იურიმ რამე “იმნაირი” არ უთხრას. არადა, მამას ორ საათზე მეტ ხანს მოუწევს ლოდინი, რადგან ლექცია, სწორედ, ამდენ ხანს გრძელდება და მეჩითოვის მიერ გოგონებისთვის გაკეთებული კომპლიმენტების, აურაცხელი სატელეფონო საუბრისა და ბლიც-ისტორიების ფონზე მიმდინარეობს.


ფაქტები წარსულიდან: ეს შეგრძნება დღემდე მაქვს გამოყოლილი, თუმცა, ცხადია, თავად არაფერი მახსოვს. მაშინ, წესით უნდა მოვმკვდარიყავი. არადა, ეს 1951 წელს ხდებოდა _ ჯერ სტალინიც კი ცოცხალი იყო

წლისა და სამი თვის ვიყავი, როდესაც მშობლებმა პირველად წამიყვანეს ზღვაზე. ქობულეთში ვისვენებდით. ერთ დღეს დედამ პლაჟზე ზღვის წყლით სავსე ტაშტში ჩამსვა. არ მინდა დედა უყურადღებობაში დავადანაშაულო, მაგრამ, ფაქტია, მარტივად რომ ვთქვათ, დავავიწყდი და მზის გულზე თითქმის ორი საათის განმავლობაში დამტოვა. საშინელი დამწვრობა მიმიღია. თურმე შინაგანი ორგანოებიც დამიზიანდა და საავადმყოფოში, პრაქტიკულად, მკვდარი მიმიყვანეს. მაშინ ქობულეთი პატარა სოფელი იყო, ამიტომ მამაჩემს ბათუმამდე ხელში აყვანილი ფეხით ჩავუყვანივარ. სასწრაფოდ სისხლის გადასხმა იყო საჭირო, ამიტომ ბებიის _ აკოფოვის ქალის სისხლი გადამისხეს (ალბათ, ამის გამო უკვე წმინდა სისხლის სომეხად ვითვლები. სომხური სისხლი სულ სხვა ფერისაა!).
მიუხედავად იმისა, რომ ასე პატარა ვიყავი, სიკვდილის შიში სამუდამოდ დამრჩა. მოგვიანებით ეს გრძნობა ყველაფრის შიშში გადაიზარდა და ჩემს ერთ-ერთAკომპლექსად იქცა. ბავშვობაში სულ სახლში ვიჯექი, გარეთ გასვლის მეშინოდა. მეგონა, რომ ყველა დიდი ბიჭი ჩემი მტერი იყო და მათ უნდა მოვრიდებოდი (სწორედ, ამ იზოლირების გამო არ ვიცი სომხური, რადგან სახლში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდით). არასდროს მითამაშია ქუჩაში, არ მიჩხუბია, არავისთან მიბირჟავია. სახლში მხოლოდ სამაგიდო თამაშებით და ერთი ძველი პატეფონით ვერთობოდი, რომლის მბრუნავი დისკო ჩემთვის დიდი საოცრება იყო. საათობით შემეძლო მისი ტრიალისთვის მეცქირა. შესაძლოა, ჩემი ამჟამინდელი აქტიური ცხოვრება და გაუთავებელი ფაციფუცი იმ მშვიდი წლების კომპენსაციაა...
მახსოვს, ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს პატარა სარკმლიანი კედელი იდგა. დღემდე არ ვიცი, რა იყო იმ კედლის მიღმა, მაგრამ რატომღაც წარმოდგენილი მქონდა, რომ იქ ჯადოქარი ცხოვრობდა. ცხადია, ასე არ იყო, მაგრამ მაინც მინდოდა ამ ჯადოქრისთვის ქვები დამეშინა.
სხვათა შორის, ბავშვობის დროინდელი შიშები დღემდე შემომრჩა: როდესაც ლაბორატორიიდან გამოვდივარ და შუქს ვაქრობ, მგონია, რომ ვიღაცა ფეხზე ხელს წამავლებს. თუმცა, ამ გრძნობის მეტ-ნაკლებად დათრგუნვაში ხელოვნება დამეხმარა _ ხელოვნება ადამიანს არა მხოლოდ ამაღლებს, არამედ ამშვიდებს და კომპლექსებისგან ათავისუფლებს. დროთა განმავლობაში შიშები ნელ-ნელა მიქრება, მაგრამ მაინც არ მასვენებს იმის შეგრძნება, რომ წლისა და სამი თვის ასაკში უნდა მოვმკვდარიყავი...


ამონაწერი პასპორტიდან (ალტერნატიული ვერსია): გვარით სომეხი, მენტალიტეტით ქართველი, განათლებით რუსი

საქართველოში ორი ტიპის ხალხი ცხოვრობს _ გვარით, ოჯახით და განათლებით, ანუ ეთნიკურად, ქართველები და, უბრალოდ, არაქართველები.
ჩემი ოჯახი ქართულენოვანი იყო, თუმცა მაინც რუსულ ბაღში, შემდეგ კი სკოლაში, შემიყვანეს, რამაც, საბოლოოდ, რუსულენოვან ადამიანად ჩამომაყალიბა. რუსულრენოვანი განათლების ადამიანი კი, პრაქტიკულად, რუსი ხდება. მაგრამ საქართველოში ბოლომდე რუსი მაინც ვერ გახდები _ აქ ხომ ღვინოს სვამენ და სხვა ჰაერით სუნთქავენ.
მამაჩემი მთელი ცხოვრება გაუცხოებაში იყო _ თავს ქართველად მიიჩნევდა, მაგრამ სომხურ გვარს ატარებდა. მის გარშემოც მხოლოდ ქართველებისთვის მიუღებელი მოვლენები ვითარდებოდა. მაგალითად, გაგიჟდა, როდესაც ჩემმა ძმამ ჩემი ცოლისდა შეირთო. მამა ტრადიციული თბილისური გაგების ადამინი იყო და მსგავსი საქციელები საშინლად აღიზიანებდა. მთელი ცხოვრება რუსულენოვანი რძლებისა და მამას აზროვნება ერთ სივრცეში ვერ თავსდებოდა. ამბობდა კიდეც, სახლში მალე, ალბათ, რუსეთის დროშას გამოვფენო. როდესაც საქმე ყოფით პრობლემებს ეხებოდა, ერთმანეთის არ ესმოდათ. ასეთ დროს კარგად ჩანდა, რომელი მხარე რომელ ერს განეკუთვნებოდა.
ცოტა ხნის წინ გავაკეთე გამოფენა “თბილისელი სომხები”, სადაც დედაჩემის ფოტო გამოვფინე, მაგრამ მამაჩემის არა _ ის არ იყო თბილისელი სომეხი, ის სომეხი არც ყოფილა...
მამა ძალიან არტისტული კაცი იყო. გაიზარდა ქართული სუფრისა და ქუჩის ტრადიციებით. ძალიან კარგი თამადა იყო. ყოველთვის წუხდა, იმის გამო, რომ, როგორც ქართველს, არავინ აღიარებდა. გვარი მისთვის ერთგვარ კომპლექსად იქცა, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევდა. კარგად იცოდა, რომ ეს კომპლექსი მალე მის შვილებზეც გადავიდოდა _ ეს ის რეალობაა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენელი ვერსად გაექცევა.
ჩემი ძმა მეჩითიშვილია _ ეს ჩვენი ნამდვილი გვარია. მეჩითიშვილები არიან ჩემი ძმიშვილებიც. სწორედ, ეს იყო მამას ოცნება. მახსოვს, როდესაც პასპორტი უნდა ამეღო, მაშინ პირველად დამელაპარაკა ნამდვილი გვარის დაბრუნების შესახებ. მაგრამ გვარი არ შემიცვლია, რადგან ძალიან მრცხვენოდა ჩემი კლასელების _ ჟურნალში 11 წლის განმავლობაში მეჩითოვი მეწერა
მამა თბილისში ცნობილი მექუდე იყო. ბავშვობაში ბებიაჩემს ქუდების გაყიდვაში ეხმარებოდა. მაშინ კერძო ბიზნესი აკრძალული იყო, ამიტომ ერთხელ, 13 წლისას, უბნის მილიციონერი გამოეკიდა. სირბილისას მამა წაიქცა და მხარი ისე იტკინა, რომ სამუდამოდ დაინვალიდდა. არასწორი მკურნალობის გამოMმხარზე დიდი კუზი განუვითარდა. მთელი ცხოვრება კუზიან მიშას ეძახდნენ, რაც ძალიან არ სიამოვნებდა.
არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა სერგო ფარაჯანოვთან. ერთხელ სერგო მოსკოვში მიფრინავდა, სადაც ცნობილ დიზაინერს ივ სენ ლორანს უნდა შეხვედროდა. მამას სთხოვა, ქუდი შემიკერე, ლორანისთვის საჩუქრად მინდაო. მამამ, მართლაც, შეუკერა მეტად ორიგინალური და ექსტრავაგანტული ქუდი და გაატანა. ცოტა ხანში სერგომ მოსკოვიდან შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოგვიგზავნა: Шапка произвела фурор (тчк), Ив Сен Лоран был в шоке (тчк). სერგოს უყვარდა ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება და ამ მხრივ შესაშური ფანტაზია ჰქონდა. შესაძლოა, ეს ამბავიც მოიგონა და ივ სენ ლორანს მამაჩემის შეკერილი ქუდი არც უნახავს, მაგრამ მამა ამ დეპეშით ძალიან გახარებული იყო და მთელი დარჩენილი ცხოვრება სათუთად ინახავდა.
ზემელელ იოსკა მექუდეს მამა თავის მთავარ კონკურენტად მიიჩნევდა, რომელთანაც ფარული ქიშპი ჰქონდა გაჩაღებული. იოსკას ბარელიეფური პროფილი ზემელზე, ერთ-ერთ სადარბაზოსთანაა გაკრული. ერთხელ ეს აბრა გადავიღე და მამას ვაჩვენე. შევატყვე, რომ მაგრად არ ესიამოვნა, ისინი ხომ ახლანდელი გაგებით ბიზნეს კონკურენტები იყვნენ.
მამას შეკერილი ქუდები დღემდე მახურავს. მათ სულ სხვა სითბო აქვთ.


შიშები: ჩემი ცხოვრება ქალების გარემოცვაში ვითარდება. სადაც გავიხედავ, ყველგან ქალებს ვხედავ. ხანდახან ეს ძალიან მაშინებს _ იქნებ მეც ქალი უნდა ვიყო?

გახსოვთ, რომ გიყვებოდით, როგორი შიშები მქონდა და გარეთ რომ ვერ გავდიოდი? ამ შიშების გამო იძულებული ვიყავი დროის დიდი ნაწილი დედასთან და ბებიასთან გამეტარებინა. ეს ინერცია დღემდე გრძელდება _ შინ სულ ქალები მყავს, მხოლოდ ძაღლი მყავს მამალი.
ბავშვობაშიც მხოლოდ გოგოებთან ვმეგობრობდი. მომწონდა მათთან თამაში, მსიამოვნებდა, როცა მაწვალებდნენ, რაღაც მაზოხისტურ განწყობაზე ვდგებოდი. მამაკაცებთან ურთიერთობის კი მეშინოდა, არ მომწონდა მათი უხეშობა, აგრესიული ტონი.
15 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული მშიშარა ვიყავი, ვერიდებდი კონფლიქტებს და აგრესიას. სხვათა შორის, იმ პერიოდის სურათებში ყველგან დათრგუნული სახე მაქვს, თითქოს ფეხებიც მიკანკალებს. მიუხედავად ამისა, ამ ასაკში სერიოზულად შემიყვარდა _ ჩემი კლასელი თამილა, ჩემი მომავალი მეუღლე.
ეს იყო უცნაური სიყვარული, თითქოს გაუცნობიერებელი და მოულოდნელად თავსდამტყდარი. მახსოვს, ერთხელ საკლასო ოთახში მივუახლოვდი და ვაკოცე, რაც, რატომღაც, არავის შეუნიშნავს. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთხელ რაღაც სარაფანი ეცვა, მსუბუქი, ჰაეროვანი, საოცრად ლამაზი იყო. ეს იყო გადამწყვეტი კადრი, მივხვდი, რომ ეს ქალი ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მალე ერთად დავიწყეთ სიარული. სხვათა შორის, მისი გულისთვის მიჩხუბია კიდეც. თუმცა რა ვიცოდი ჩხუბი, მხოლოდ ხელებს ვიქნევდი უაზროდ და უმისამართოდ. დღემდე მახსოვს, როგორ დამიდო "სტრელი” თამილას თაყვანისმცემელმა: “მე ჩემებს მოვიყვან, შენ შენები მოიყვანე!”. არადა, ვინ უნდა მიმეყვანა, უბანში არავის ვიცნობდი თამილას გარდა...
მეორე კურსზე ვიყავი, როცა დავქორწინდით. თუმცა ქორწილამდე საშინელი რამ შემემთხვა. ორი თვით ადრე ინსტიტუტში ერთი გოგო შევნიშნე, რომელმაც სრულიად დამატყვევა, საშინლად მიზიდავდა, მის დანახვაზე ვგიჟდებოდი, გამუდმებით მასზე ვოცნებობდი. პარალელურად მოახლოებულ ქორწილზეც ვფიქრობდი და ეს საშინლად მაშინებდა. მაგრამ მოხდა სასწაული _ როგორც კი ქორწილის დილა გათენდა, ის გოგო მაშინვე დამავიწყდა, მისი სახე უცებ გაფერმკთალდა, გაქრა და მთლიანად თამილაზე გადავერთე. არ ვიცი, შეიძლება ეს წამიერი გატაცება ნერვიულობის ბრალიც იყო.
...საქორწილო მოგზაურობაში მატარებლით მივდიოდით. სამსაათიანი ქორწილის შემდეგ ისე მინდოდა ამ ორომტრიალისგან თავის დაღწევა, რომ სულელურადაც ვხუმრობდი, მალე გამოშვით, “პრავადნიკი” მყავს გასაკეთებელი_მეთქი. თუმცა “პრავადნიკების” ნაცვლად, ორი მშვენიერი გოგო შევქმენი...
შვილებთან ბავშვობის ასაკში უფრო ხშირი ურთიერთობა მქონდა, მათთან მაშინ მეტ დროს ვატარებდი. ყოველ შაბათ_კვირას ბოტანიკურ ბაღში დავდიოდით. ვიგონებდით ათას თამაშს, ვიღებდი ფოტოებს.
ჩემს გოგონებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მათი გათხოვებაც იოლად აღვიქვი. ეს არ ყოფილა ჩემთვის დიდი ტრაგედია, როგორც ზოგ მამას ახასიათებს. მაგალითს მოგიყვებით: უმცროსი გოგონას შეყვარებულს კარგად ვიცნობდი. ერთხელ ჩვენთან ვქეიფობდით და მაგრად დავთვერი. წინასწარ ვიყავი გაფრთხილებული, რომ იმ საღამოს ჩემი შვილის ხელი უნდა ეთხოვა. მართლაც, სუფრის დასრულების შემდეგ მოვიდა და ფრთხილად დაიწყო: “ბატონო იურა, პატივცემულო, იქნებ ნება დამრთოთ, ღრმად პატივცემულო და თქვენს გოგონაზე დაქორწინების უფლება მომცეთ....” ისეთი დაბნეული სახე ჰქონდა, მივხვდი, სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა, ამ კოშმარისგან უნდა მეხსნა და პირდაპირ ვუთხარი: “მე რას მთხოვ, განა მე უნდა გავხდე შენი ცოლი?! ვინც მოგყავს, იმას ჰკითხე!” ამ სიტყვების შემდეგ სირცხვილისგან უფრო გაწითლდა.
შვილიშვილებიც გოგონები მყავს. უმცროსი მარიამი ჯერ 5 თვისაა და ვერ გეტყვი, რამდენად მაგრად ვუყვარვარ, მაგრამ უფროსი ჩემზე გიჟდება. ძალიან უცნაური ბავშვია _ ვერონიკა ჰქვია, მაგრამ აიჩემა, ნანა მქვიაო და გვაიძულებს, ყველამ ასე მივმართოთ.


საქმე : რამდენიმე ნაწყვეტი პურიტანელის აღიარებითი ჩვენებიდან, მოწმეები, მოქმედი პირები და მთავარი დამნაშავე

ახალგაზრდობაში საოცრად პურიტანული ვიყავი. ჩემთვის უცხო იყო ცოლის გარდა სხვა ქალზე ფიქრი და სხვა კიდევ უფრო “ბინძური” აზრები. 49 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გადავიღე შიშველი ნატურა. მანამდე მეგონა, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. შემთხვევით გავიცანი მოდელი, რომელიც შიშვლად გადაღებაზე დამთანხმდა და პირველივე კადრი წარმატებული აღმოჩნდა (ოჰ, რა ლამაზი პატარა ძუძუკები ჰქონდა!..)
ყველა ჟურნალისტს ერთი კითხვა უჩნდება: როგორ ვახერხებ მამაკაცური სურვილების მართვას შიშველი ნატურის გადაღებისას. არადა, ეს ძალიან მარტივია, ვინაიდან, თავად ვარ ამ პროცესის მონაწილე ანუ ვმუშაობ, ვცდილობ მაქსიმალურად ვაკონტროლო საკუთარი თავი. თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როდესაც თავი ვერ შევიკავე და... მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ემოციურად ნაწილობრივ უკვე დახარჯული ვიყავი, მაინც კარგი ფოტოსერია გამომივიდა...
ძნელია მენატურეების მოძებნა, მით უმეტეს, ისეთების, ვინც სახის გადაღებაზეც დათანხმდება. თუმცა ახლანდელი თაობა უფრო გახსნილია, ვიდრე ჩემი ახალგაზრდობისას იყო და ექსპერიმენტებსაც ადვილად თანხმდება.Aდიდი ხანია, შიშველი ნატურა არ გადამიღია. გარდა იმისა, რომ სტუდია აღარ მაქვს, სურვილიც დავკარგე. ამ ჟანრში საკუთარი თავი თითქოს ამოვწურე. თუმცა ბოლო დროს ერთი კადრი გადავიღე, შემთხვევით, მოუმზადებლად, და მივხვდი, რომ კიდევ შემიძლია ამის კეთება, მაგრამ მანამდე ცოტა მედიტაციის, სექსუალური ლტოლვისა და სურვილის ნაზავი უნდა მივიღო.
ადრე ეს სურვილები უფრო ცხოველური მქონდა. მახსოვს, როდესაც ჩემს ახლანდელ მეუღლესთან შეყვარებულობის პერიოდი მქონდა. მისდამი ძლიერ ლტოლვას განვიცდიდი, მაგრამ ვინაიდან პურიტანულად ვიყავი აღზრდილი, თავს ვაჯერებდი, რომ საყვარელ ქალზე ასე არ უნდა მეფიქრა. ამ სურვილების გამო საკუთარ თავსაც ვსჯიდი. ახლა კი ამ ყველაფერს უფრო იოლად და გახნილად ვუყურებ _ მგონი, მეტი გახსნილობა წარმოუდგენელიცაა!
როდესაც თბილისში შიშველი ფოტოგამოფენა მოვაწყვე, ერთი ძალიან გაუთვალისწინებელი და სკანდალური რამ მოხდა: გამოფენაზე ჩემი ცხოვრების მეორე სიყვარული მოვიდა... აქ იყო ჩემი მეუღლეც, რომელმაც იცოდა ჩვენი ურთიერთობების შესახებ... ეს საშინელება იყო!.. ენით აუწერელი სკანდალი!..
ჩემს მეუღლეს ყველაფერი თავად მოვუყევი, რადგან მივიჩნიე, რომ ის მხოლოდ ჩემი ცოლი კი არა, მეგობარიცაა. თანაც ეს ბუნებრივია _ ცოლიან მამაკაცს ცხოვრებაში მეორედ აუცილებლად უყვარდება. თამილასთვის ამის გაგება ძალიან მტკივნეული იყო, ისიც ვიცოდი, რომ ამ ვითარებას ვერასდროს მიიღებდა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ქალური ეშმაკობის გამოყენებით მთელი ისტორია მომაყოლა, მეც ვენდე და ველაფერი გავუმხილე. ის გამოფენა კი ამ ყველაფრის კულმინაცია იყო... მოკლედ ეს ორი ქალი ჩემს ცხოვრებაში არსებობენ და მორჩა, ამას ვერაფერს მოვუხერხებ. ისინი ყოველთვის ორნი იქნებიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ორივე ერთად ჩემს საფლავზე ვერ მოვაsmile.gif ისინი რომ ორნი არიან, მე არ ამირჩევია, ასე დაბადებიდან მეწერა. მეწერა ისიც, რომ მათთვის უნდა მქონოდა დრო და ულევი ენერგია. მაგრამ, მაინც, იცით, რა ძნელია... ძალიან ძნელი... ნეტა ადამიანების კლონირება შეიძლებოდეს, გავმრავლდებოდი და ყველას ვეყოფოდი... (მგონი იტალიელებს ჰქონდათ ადამიანის კლონირების მცდელობა. საინტერესოა, რა შედეგით დამთავრდა?)


ამონაწერი ავტობიოგრაფიიდან: ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს მხატვარმა მარკ პოლიაკოვმა და რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა

სერგო ფარაჯანოვი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოვლენა იყო. მასთან მისასვლელი გზები კი 6 წლით ადრე მარკ პოლიაკოვთან ურთიერთობამ გამიკვალა.
როდესაც თამილა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, საცხოვრებლად ცალკე გადავედით. მარკი ჩემი კარის მეზობელი იყო. მალევე დავახლოვდით, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით: ის ხელოვანი, უზომოდ განათლებული და კულტურული ადამიანი იყო, მე, მართალია, ფოტოებს უკვე ვიღებდი, განსაკუთრებულს მაინც არაფერს ვქმნიდი და არც დიდი განათლებით და აზროვნებით გამოვირჩეოდი.
მარკის ნამდვილი გვარი იზრაელია, თუმცა კარგად იცოდა, რომ ამ ზედმეტად ხმაურიანი გვარით ბევრს ვერაფერს მიაღწევდა და მამინაცვლის გვარს ატარებდა. ეს აქტი ერთგვარი თავდაცვის ინსტიქტით იყო გამოწვეული _ არ არსებობს ერი, სადაც მცირედით მაინც არ ცხოვრობს ანტისემიტიზმი (როცა ასეთ ერს გავიცნობ, პირველად თქვენ შეგატყობინებთ). ხუმრობით მარკ ავრელიუსს ვეძახდი. გალექსილიც მქონდა: Марк Аврелий – не еврей ли?! ხშირად ერთად დავდიოდით აბანოში. ამ ჰიგიენურ მსვლელობას თითქოს მისტიკურ მნიშვნელობას ვანიჭებდით და დევიზიც გვქონდა: Пойдем в баню, заодно и помоемся ...
მარკი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. მის სახლში თითქმის ყოველ დღე მაშინდელი სახელოვნებო ბომონდი იკრიბებოდა და გაუთავებლად საუბრობდნენ ხელოვნებაზე. მე ხშირად ვესწრებოდი ასეთ შეკრებებს, მაგრამ თავს ბნელ ოთახში ვგრძნობდი. ეს იყო ჩემთვის სრულიად უცნობი სამყარო, რომლისაც მაშინ არაფერი გამეგებოდა.
მარკის მეგობრებისგან განსხვავებით ყველაფერზე სწორხაზოვანი შეხედულება მქონდა. გაგიკვირდებათ და კომუნისტური იდეებით ვიყავი შეპყრობილი, მჯეროდა, რომ მხოლოდ ამ იდეოლოგიას შეეძლო ქვეყნის აშენება, მჯეროდა კომუნიზმის ნათელი მომავლის. შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი იმ იდეებს, რომლებიც ძალიან ხშირად გამოითქმებოდა მარკის სახლში გამართულ შეხვედრებზე, ვეკამათებოდი, მაგრამ ვერ ვჯობნიდი.
შინ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მახსოვს, პირველად რომ ვესტუმრე, წიგნების ამ ზღვამ გამაოცა. თითოეულ თაროს ჩამოვუარე და ვცდილობდი, დამემახსოვრებინა, რომელმა ავტორმა რა დაწერა. მარკთან გატარებულმა წლებმა დიდი განათლება შემძინა. მან მასწავლა, ვინ იყვნენ იმპრესიონისტები, რას ნიშნავდა რენესანსის ეპოქა და სხვა. ჩვენს ურთიერთობაში ურთიერთსარგებლობაც იყო _ მისთვის მეც საინტერესო ვიყავი, ჩემი ფოტოაპარატის თვალით ვაცნობდი სამყარს.
თუმცა შენიშვნები ამ მხრივაც ჰქონდა. ხშირად მეუბნებოდა, რომ არ მქონდა კომპოზიციის შეგრძნება, ვერ ვქმნიდი ხელოვნებას, არ ვმუშაობდი ხელოვანივით. ეს შენიშვნა არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერც ვეწინააღმდეგებოდი. მალე ჩემი ცხოვრების უდიდესი სასწაული მოხდა...
ერთ ზაფხულს ცოლ_შვილი დასასვენებლად გავუშვით და მთელი სამი თვე მარტო დავრჩით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით (მარკს სულ ქალები მოჰყავდა, მე კი იმდენად პურიტანელი ვიყავი, რომ ამ თამაშებში არ ვერეოდი და მხოლოდ ფოტოებს ვიღებდი). ერთხელ დილის 5 საათამდე მასთან დავრჩი, ვსაუბრობდით, უკვე ორივეს გვეძინებოდა, მაგრამ ერთმანეთიც არ გვეთმობოდა. ნელ_ნელა ჩვენი საუბარი ერთგვარ მედიტაციაში გადაიზარდა და უცებ, პატარა პაუზის დროს, ვიგრძენი, რომ ჩემში დიდი ცვლილება მოხდა... მას შემდეგ კომპოზიციის აღქმის სრული უნარი შევიძინე. ეს არის თვისება, რომელიც თითქოს მარკმა გადმომცა, დამასაჩუქრა. მისი ყველაფრისთვის მადლობელი ვარ.
სწორედ, მარკთან ერთად გადავიღე მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ნინა იოსების ასული”, რომელმაც ჩვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა _ ფარაჯანოვი გავიცანი.


სურვილი: ძალიან მინდა, ვიპოვო ისეთი ადამიანი, ვისაც სერგოზე მოვუყვები, ის კი ამ მონათხრობს წიგნად აქცევს. ამ წიგნით ყველას მოვუყვები, როგორი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ _ შეგირდს და მასწავლებელს

1978 წლის იანვარში თბილისში ციხიდან გათავისუფლებული სერგო ფარაჯანოვი ჩამოვიდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ათი თვის შემდეგ შევიტყვე. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, რას საქმიანობდა, არც ის ვიცოდი, რისთვის იხდიდა სასჯელს. მხოლოდ ის მქონდა გაგებული, რომ მისი სახლი თბილისური ბომონდის მექა იყო. მასთან სტუმრობა დღესასწაულს ჰგავდა და დიდ პატივად მიიჩნეოდა. მე და მარკმა კი თავხედობა ჩავიდინეთ და ჩვენი ფილმის სანახავად სერგო სახლში მოვიწვიეთ. დაგვთანხმდა _ ეს დიდი მოულოდნელობა იყო.
ჩემი პირველი შთაბეჭდილება სერგოზე არაერთგვაროვანი იყო. ოთახში თმაგაწეწილი, წვერიანი კაცი შემოვიდა. ყველა მოძრაობაზე, მიმიკაზე ეტყობოდა, რომ ციხიდან ახალი გამოსული იყო. ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს ვიღაცას უსაფრდებოდა ან მოულოდნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანს კინოხელოვნებასთან კავშირი ჰქონოდა. თუმცა ფილმი მაინც ვაჩვენეთ. ძალიან მოეწონა. ახლაც მიკვირს, რატომ. “ნინა იოსების ასული” არანაირად არ ჯდებოდა მისი ფილმების ესთეტიკაში. ეს იყო ტიპიური ანდერგრაუნდული ნამუშევარი, ბინძური ინტერიერითა და არანაკლებ ბინძური მოქმედი გმირებით. შესაძლოა, იმიტომაც მოეწონა, რომ ცოტა ხნის წინ დატოვებული ციხე გაახსენდა... არ ვიცი...
სწორედ, იმ დღეს გადავიღე მისი პირველი პორტრეტი. მაშინ 28 წლის ვიყავი (ღმერთო, ამ ასაკში ეიზენშტეინს უკვე “ჯავსნოსანი პოტიომკინი” ჰქონდა გადაღებული!!!)
სერგოსთან, მთაწმინდაზე სტუმრობას ამაღლებას ვეძახდით. მის ფონზე მასტროიანი, ტარკოვსკი, გუერა _ ნებისმიერი სინჯის სტუმარი მეორე პლანზე გადადიოდა და მთავარი მოქმედი გმირი სერგო ხდებოდა. მის მიერ მოყოლილი ნებისმიერი ისტორია თეატრალურ დადგმას ჰგავდა. ძალიან ვნანობ, რომ მაშინ ვიდეოკამერა არ მქონდა და ეს ყველაფერი ფირზე ვერ აღვბეჭდე.
როგორც გითხარით, ღრმა კომუნისტური იდეოლოგიით ვცხოვრობდი. ეს იდეოლოგია ჩემთვის ერთგვარი ფილტრი იყო, რომლის მეშვეობითაც ცხოვრებას ვუყურებდი. თუმცა სერგოსთან რამდენიმე საუბრის შემდეგ ნელ_ნელა ეს ფილტრი გაფერმკრთალდა და, შესაბამისად, განსხვავებული ფასეულობები ჩამომიყალიბდა.
ცვლილება განსაკუთრებით ერთი საინტერესო დოკუმენტის გაცნობის შემდეგ განვიცადე. ეს იყო სერგოს სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსულლიზმის ბრალდებით 5 წელი მიუსაჯეს. საკუთარი თვალით მაქვს წაკითხული რამდენიმე დაზარალებულის ჩვენება: Я проснулся от острой боли в области заднего прохода.бна мне лежал Параджанов и просил кончить... იმავე ჩვენებაში აღწერილი იყო სერგოს კალამი. მის კორპუსზე ქალის ფიგურა ეხატა, რომელიც კალმის გადმობრუნებისას ტანსაცმელს იხდიდა. ეს კალამი განაჩენში აღწერილი იყო, როგორც პორნოგრაფიული ნივთი. აქვე წაიკითხავდით, როგორ შეიკრიბა სპეციალური კომისია და როგორ გაანადგურეს ეს საშინელი ნივთი. ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ დავიწყე იმის მიხვედრა, რა ქვეყანაში ვცხოვრობდი. ჩემი თვალთახედვა ნელ-ნელა შეიცვალა. მიუღებელი და გაუგებარი გახდა, რომ ადამიანი ასეთი უწყინარი ნივთის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს, სადაც ყოველ დღე სიკვდილი ემუქრებოდა.
პატიმრები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმისთვის იხდიან სასჯელს, ციხეში ყველაზე დაბალ კასტად მიიჩნევიან. მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ სერგოს მიერ შეცდენილებიდან სამი კაცი პარტიის წევრი იყო, დიდ პატივს სცემდნენ. სერგო ხუმრობდა კიდეც, სამი კი არა, სამასი კომუნისტი ვიხმარეო! პატიმრებიც ხალისობდნენ _ Так им и надо, комунякам!
ფოტო, რომლის მიხედვითაც “ქარვასლასთან” სერგოს ძეგლი გააკეთეს, ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია. მისი სამი დუბლი არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე წარმატებულია და თავად სერგომ საუკუნის კადრი უწოდა. ფოტოზე არაფერია დადგმული და ყველა მოძრაობა შემთხვევითია. პიჯაკის აფრიალებული მხრები თითქოს მისი ფრთებია... ქანდაკების ავტორის ადგილას, ამ "ფრთებს" უფრო გავაზვიადებდი, მართლაც ფრთებად ვაქცევდი.
სერგო თავს, მართლაც, გენიოსად მიიჩნევდა. ერთხელ მისი და ტარკოვსკის საუბარს ვესწრებოდი (ამ საუბრი მოწმე მე და სერგოს მეზობელი ვიყავით. კიდევ კარგი, ეს გოგონა იქ იყო, თორემ ტარკოვსკი და სერგო ცოცხლები აღარ არიან, მე კი, აბა, რა დამეჯერება!).
წარმოიდგინეთ კადრი: ოთხი ადამიანი ვსხედვართ პატარა მაგიდასთან, წინ გვიდევს წითელი ღვინო, შოთის პურები, გუდის ყველი და ვბაასობთ. ამ დროს სერგო მიუბრუნდება ტარკოვსკის და ეუბნება: Андрей, ты очень талантливый режиссер, но не гениальный... ამ დროს ტარკოვსკი გაოცებისგან იძაბება და სახეზე მხოლოდ ერთი კითხვა აწერია _ რატომ? სერგო კი პასუხობს: Потому, что ты не педераст и в тюрьме не сидел!..
როდესაც თეატრალური ინსტიტიუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტებს ლექციებს ვუკითხავდი, ხშირად ვეუბნებოდი: შეიძლება არ იყოთ ჰომოსექსუალისტები _ ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ თუ იმის წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, თუ როგორი ჰომოსექსუალისტები იქნებოდით, მაშინ თქვენგან რეჟისორი არ გამოვა...
სერგოს გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ჩემს მოვალეობად მოივიჩნევ, მასზე ვრცელი მოგონება დავწერო და ამით პატივი ვცე. ახლა მხოლოდ ისეთი ჟურნალისტი მჭირდება, რომელიც არ დაიზარებს, ამ მოგონებებს ჩაიწერს და წიგნად აქცევს. ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისთვის ყველაფრის მოყოლა მომინდეს. ეს იქნება წიგნი ჩვენს ურთიერთობაზე, კამათებზე, დაპირისპირებასა და სიყვარულზე. ეს იყო მაესტროსა და შეგირდის არაჩვეულებრივი, არტისტული, ღრმა ურთიერთობა. წიგნის ილუსტრირიებას კი აუცილებლად იმ პირველი ფოტოთი დავიწყებ.


ცხოვრების როლი: მე ვარ მასხარა მეფის კარზე, რომელსაც სიმართლის თქმის უფლება აქვს
გინახავთ მილოშ ფორმანის "ამადეუსი"? გახსოვთ, როგორია იქ მოცარტი? მხიარული, სულელური, მჩატე, ემოციური, დაუფიქრებელი და გენიოსი! მუდმივი ფოიერვერკის გარემოში ცხოვრება გენიოსების მახასიათებელია. მათ ისიც ეპატიებათ, რომ ყველგან უხერხულ სიტუაციებს ქმნიან. ასეთი იყო სერგო. მე კი გენიოსს მხოლოდ ვთამაშობ, რადგან ბოლომდე გენიოსი არ ვარ _ ორი მნიშვნელოვანი პირობა არ შემისრულებია, არც ციხეში ვმჯდარვარ და არც ჰომოსექსუალური ვნებებით ვარ შეპყრობილი (თუმცა ყველაფერი ჯერ წინ მაქვსsmile.gif). მე ვარ მასხარა მეფის კარზე, რომელსაც სიმართლის თქმის უფლება აქვს. საზოგადოებას სჭირდება მასხარა... “Я получил эту роль…”

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Magdu   იური მეჩეთოვი გადაცემაში "მე ფოტოგრაფი"   Nov 16 2008, 13:36
Levan Sikharulidze   გამარჯობა ბატონო იური. მინდა დიდი მად...   Nov 16 2008, 20:56
Yuri Mechitov   დღეს გამოვდივარ პახმელიიდან და ხვალ ...   Nov 16 2008, 20:57
Levan Sikharulidze   : )) რატომ არ შედგგა თქვენი რეჟისორული კ...   Nov 16 2008, 20:59
Yuri Mechitov   19 წლის რომ დაქორწინდები, ნებისმიერი კ...   Nov 16 2008, 21:00
Levan Sikharulidze   რა ეტაპებად დაყოფთით თქვენს შემოქმედ...   Nov 16 2008, 21:05
Yuri Mechitov   ყველა ეტაპი ფასეულია, განსაკუთრებით ...   Nov 16 2008, 21:07
Levan Sikharulidze   როდესც იღებთ ფოტოაპარატს და ქუჩაში გ...   Nov 16 2008, 21:12
Nika Pkhakadze   რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ რა...   Nov 16 2008, 21:18
tsumbusha   Yuri Mechitov, გამარჯობათ, დიდ პატივს გცემთ და...   Nov 16 2008, 21:22
Yuri Mechitov   ინტერესია შევქმნა შედევრი, თუმცა ხში...   Nov 16 2008, 21:24
Yuri Mechitov   tsumbusha აი ქუჩის გადაღებასთან მიმართებაშ...   Nov 16 2008, 21:36
Medea Sharikadze   მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ(ზემოთ მ...   Nov 16 2008, 21:39
beshqena   ბატონი იური, არაჩვეულებრივი მოსაუბრე...   Nov 16 2008, 21:39
Levan Sikharulidze   "ცხოვრების როლი: მე ვარ მასხარა მეფი...   Nov 16 2008, 21:40
Yuri Mechitov   ყოველდღე იმ მიამიტური მიზნით რომ ვიხ...   Nov 16 2008, 21:42
Nika Pkhakadze   ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ თვლით ხანდ...   Nov 16 2008, 21:43
nicalagua   Yuri Mechitov, გამარჯობა ბატონო იური, მინდოდა ...   Nov 16 2008, 21:46
Yuri Mechitov   beshqena დაწერილი მაქვს რამდენიმე ლიტერატ...   Nov 16 2008, 21:47
DIKARKA   -))) როგორც ყოველთვის თქვენს სტიქიაში ხ...   Nov 16 2008, 21:47
tsumbusha   მაინტერესებს თქვენი აზრით რამდენად მ...   Nov 16 2008, 21:51
Yuri Mechitov   Nika Pkhakadze შედევრი პირობითი მცნებაა არის ...   Nov 16 2008, 21:52
Mikheil Jinjikhashvili   რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერეს...   Nov 16 2008, 21:57
Yuri Mechitov   DIKARKA საერთოდ ფოტოგრაფი არის ადამიანი რ...   Nov 16 2008, 21:58
Levan Sikharulidze   როდის მოვიდა პირველი აღიარება?   Nov 16 2008, 22:09
Yuri Mechitov   ჯერ ველოდები. წელიწდ ნახევარში 60 წლის ...   Nov 16 2008, 22:10
Giorgi Dadiani   ვის თვლით საუკეთესო ფოტოგრაფად ქართ...   Nov 16 2008, 22:10
Yuri Mechitov   Giorgi Dadiani ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ...   Nov 16 2008, 22:13
Mikheil Jinjikhashvili   რას ურჩევდით დამწყებ ფოტოგრაფებს?   Nov 16 2008, 22:15
Yuri Mechitov   JinjiMike მგაზე პრინციპში პასუხი გაცემული...   Nov 16 2008, 22:19
Levan Sikharulidze   რას ფიქრობთ ხელოვნების და პოლიტიკის ...   Nov 16 2008, 22:28
Sofio Gokhelashvili   ბატონო იური, მუსიკის როლი როგორია გად...   Nov 16 2008, 22:34
Giorgi Dadiani   თვლით თუ არა რომ კადრი რომელშიც ადამ...   Nov 16 2008, 22:37
Yuri Mechitov   დეკორატიული ე.წ ხელოვნება შეიძლება ა...   Nov 16 2008, 22:46
Levan Sikharulidze   გადაცემა სრულდება, რაიმეს ხომ არ დამა...   Nov 16 2008, 22:57
Yuri Mechitov   ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ვინც...   Nov 16 2008, 22:57


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 20th November 2024 - 02:25

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'